საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. “ნატო საფრთხედ განიხილავს არა ისლამურ სახელმწიფოს, არამედ მოსკოვს, ვინაიდან აშშ-სთვის აუცილებელია თავდაცვაზე დახარჯული ზღაპრული თანხების გამართლება”, - წერს ირლანდიელი ჟურნალისტი ბრაიან მაკდონალდი.
ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ვარშავის დეკლარაციაში, რომელიც ნატოს წევრმა ქვეყნებმა ალიანსის სამიტის შედეგების მიხედვით მიიღეს, რუსეთი ოთხჯერ არის ნახსენები, იმ დროს, როცა ისლამური სახელმწიფო დოკუმენტში მხოლოდ ერთხელ ფიგურირებს, - აღნიშნავს ჟურნალისტი. მისი აზრით, ეს იმას უკავშირდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ძვირად ღირებულ წყალქვეშა ნავებს ან ატომურ იარაღს არ მოითხოვს, ისეთ ქვეყანასთან დაპირისპირებისგან განსხვავებით, როგორიც რუსეთია. ამასთან, ნატოს სრულებითაც არ აღელვებს, რომ მოსკოვი კონფლიქტში დაინტერესებული არ არის.
“ის, რომ ასეთი ომი, ატომური არსენალების ჩართვის გამო, დიდი ალბათობით, ადამიანური ცივილიზაციის დაღუპვით დამთავრდება, ნატოს არ აღელვებს, იმიტომ რომ ალიანსისთვის ხელსაყრელია რუსეთის საფრთხობელად გამოყენება, რათა აშშ-ის თავდაცვისთვის გაწეულ ხარჯებს მხარი დაუჭიროს”, - ნათქვამია სტატიაში.
ამჟამად ვაშინგტონის თავდაცვის ხარჯები აშშ-ის ბიუჯეტის დაახლოებით 17%-ს შეადგენს. ეს იმას უკავშირდება, რომ მსოფლიოს რვა წამყვანი სამხედრო კონტრაქტორიდან ექვსი ამერიკულია. ისინი სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფენ დაახლოებით 750 ათას ადამიანს, რომ აღარაფერი ვთქვათ დარგებზე, რომლებიც მათ მფარველობაზეა დამოკიდებული. ამგვარად, აშშ-ში თავდაცვაზე დანახარჯების შემცირება პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასია, - ხაზი გაუსვა ჟურნალისტმა.
“ხალხი გარბის იმ ქვეყნებიდან, რომელთა განადგურებას აშშ-მ შეუწყო ხელი, კერძოდ, ერაყიდან და ლიბიიდან. გარდა ამისა, ისლამური სახელმწიფო ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ადამიანებს ხოცავს, პარიზსა და ბრიუსელში ტერაქტებს აწყობს, მაგრამ ალიანსი უწინდებურად განაგრძობს მტკიცებას, რომ ევროპას ტერორიზმი კი არა, რუსეთი ემუქრება!”, - ასკვნის სტატიის ავტორი.