ველისციხეში 47 ათას ლარად აშენებული აბანო ექსპლუატაციაში ვერ შევიდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში აბანოს მშენებლობა ორი წლის განმავლობაში ვერ დასრულდა. მშენებლობისთვის 2009 წლიდან დღემდე 47 ათასი ლარი დაიხარჯა, რომელიც "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში გამოიყო. ამ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი "სპექტრი" ავრცელებს.
როგორც ველისციხის მოსახლეობა ამბობს, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გახარჯული თანხა ოთხლუქსიანი საერთო სარგებლობის პატარა აბანოს ასაშენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ აბანო არ ფუნქციონირებს, სოფელ ველისციხის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნუკრი ბახლიშვილი "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებს დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყველა პროექტს ჰყავს კმაყოფილი და უკმაყოფილო ადამიანები. "აბანო ფაქტიურად დასრულებულია, მხოლოდ 10-15 დღის სამუშაოები დარჩა შესასრულებელი. საკანალიზაციო სისტემაც მოწყობილია და გაზგაგაყვანილობაც დამონტაჟებული. ერთი-ორი პროვოკატორი ველისციხელი ამას ვერ ხედავს, თორემ ყველაფერი გაკეთებულია", - განაცხადა ბახლიშვილმა. ველისციხელები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, თანხის მიზნობრივად განკარგვისთვის ურჩევენ, რომ სამუშაოები უფრო ეფექტურად დაგეგმონ.