საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. კობა დავითაშვილი აცხადებს, რომ მისი ცემის ფაქტის გახსნის შესახებ ინფორმირებული იყო.
„ინფორმირებული ვიყავი, რომ ჩემი ცემის ფაქტი გაიხსნა. ამ საქმის შემსრულებლებს მე თავიდანვე შევუნდე და ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ისინი დაპატიმრებული იქნებიან თუ არა. რაც შეეხება საქმის დამკვეთებს, მე ვერ ვხედავ ამ ადამიანებში სინანულის გრძნობას. ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან, რომლებიც არ ნანობენ წარსულს“, - განუცხადა კობა დავითაშვილმა 2030.news-ს.
საქართველოს პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს კობა დავითაშვილის ცემისა და მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი გახსნა.
პროკურატურის ინფორმაციით, დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით.