საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნიკა მ., წარსულში ნასამართლევი დავით ბ. და წარსულში ნასამართლევი პაატა უ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
დაკავებულები აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს და ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მოქმედებდნენ. მათ აქტიური კავშირი ჰქონდათ საზღვარგარეთ პატიმრობაში მყოფ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან და დანაშაულებრივი სამყაროს სხვა წევრებთან. ბრალდებულები მათთან ერთად სისტემატურად გეგმავდნენ და მონაწილეობდნენ ქურდულ გარჩევებში.
ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულები ხვდებოდნენ ქართველ მეწარმეებს და ქურდული გარჩევების გზით სთხოვდნენ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას. თანხის მოთხოვნას მათი მხრიდან თან ახლდა მუქარა და ფსიქოლოგიური ზემოქმედება.