პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი იოჰანეს ჰანს შეხვდა

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ევროინტეგრაციის ძირითადი საკითხები და თანამშრომლობის დღის წესრიგი იყო საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შეხვედრის მთავარი თემები.

გიორგი კვირიკაშვილმა და იოჰანეს ჰანმა ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირების გზაზე შემდგომი ნაბიჯები განიხილეს და ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ყურადღება გამახვილდა პროგრესზე, რაც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით იქნა მიღწეული. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, უვიზო მიმოსვლა იქნება ლოგიკური ნაბიჯი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ საქართველოს გზაზე და მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებაში.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრა ბათუმში, რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციის - "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში გაიმართა.