სამართალი
ადვოკატები რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას არ გამორიცხავენ

 საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი.  „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ადვოკატები მაია რჩეულიშვილის დის – რუსუდან კერვალიშვილის დაკავებასაც არ გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ გამოძიებას მისი დაკავების საფუძველი არ აქვს.

 „პროკურატურის შუამდგომლობა იყო პირდაპირ მაიას წინააღმდეგ მიმართული. იყო პირდაპირ მიმართული ვექტორი მაია რჩეულიშვილის ჩამოშორებაზე საქმის მართვისაგან. ქალბატონი რუსუდანი უკვე დიდი ხანია, აღარ არის კომპანიის მართვაში. ის არის კომპანიების დამფუძნებელი მხოლოდ. უშუალო მართვას ის არ ახორციელებს და სავარაუდოდ, არ უნდა ჰქონდეს პროკურატურას შუამდგომლობა მის მიმართ პატიმრობის მოთხოვნაზე“, - განაცხადა ადვოკატმა მარინა ჭიღაშვილმა.

 „აბსოლუტურად ყველა მოწმე ერთადერთი, რასაც ითხოვს, ეს არის მშენებლობის დასრულება. მეტი მოთხოვნა მოწმეებს არ აქვთ და იმ პირობებში, რაც გუშინ გააკეთა სასამართლომ, მე არ მესმის, როგორ უნდა დაკმაყოფილდნენ ეს მოწმეები და საერთოდ, მომავალში რა ეშველება ამ ხალხს, ვინ დაუსრულებს, ძალიან მაინტერესებს“, - განაცხადა ადვოკატმა მაია ცუცქირიძემ.

 პროკურორის განმარტებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, ასევე უკანონო შემოსავლების ლეგალიზება და თანხების თაღლითურად მითვისება.

 “ცენტრ პოინტის” საქმის განხილვა 20 ივლისამდე გადაიდო.