საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განმარტებით, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.
”გადაწყვეტილება მიღებულია, რომ პარტია გავიდეს დამოუკიდებლად არჩევნებზე. შესაბამისად, იყო გარკვეული კონსულტაციები და ცივილიზებულად მივიღეთ გადაწყვეტილება. თავდაცვის მინისტრს აქვს ვიზიტი აშშ-ში, რომელიც ჩასატარებელია. დღეს არ ვღებულობთ ამ გადაწყვეტილებას, ველოდებით ვიზიტის დასრულებას. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, ამ დღეებში დასრულდება აბსოლუტურად ცივილიზებულად ყველა პროცედურა”, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
პრემიერ–მინისტრი მოხარულია, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა თანამდებობაზე დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. „ჩვენ გვქონდა საუბარი. გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო გადაწყვეტილება. გიგლა აგულაშვილი არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.