სამართალი
ლეონიდ ჩერნოვეცკი უარყოფს, რომ მისი ვაჟი 10 მლნ ევროს გათეთრების ბრალდებით დააკავეს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი.  ესპანელმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის შედეგად კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი და კიდევ 10 პირი დააკავეს, ამის შესახებ სტატიას ესპანური el mundo აქვეყნებს, თუმცა თავად ლეონიდ ჩერნოვეცკი ამ ფაქტს უარყოფს და ესპანურ გაზეთს სასამართლოში უჩივლებს.

 გამოცემის ცნობით, სპეცოპერაცია სომეხი ბიზნესმენის არმან მაილიანის კუთვნილ იაპონურ რესტორანში ჩატარდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ სწორედ აქ ხდებოდა ფულის გათეთრება, ლაპარაკია 10 მილიონ ევროზე. დაკავებულებს ბრალი ფულის გათეთრებისა და დოკუმენტების გაყალბების მუხლებით წაუყენეს.

 კიევის ყოფილი მერის ლეონიდ ჩერნოვეცკის ვაჟი სტეპან ჩერნოვეცკი მამამისის მერობისას, 2008-2009 წლებში, კიევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იყო. „ის წესიერი ადამიანია და ბანკის გაყიდვის შემდეგ საკმარისი ფული დარჩა ანგარიშზე საიმისოდ, რომ მსგავსი მაქინაციებით არ დაკავებულიყო!“ – ნათქვამია ქართული მედიისთვის დაგზავნილ, ლეონდი ჩერნოვეცკის საგანგებო განცხადებაში.

 შეგახსენებთ, რომ კიევის ყოფილი მერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში, ქალაქ ქობულეთში ცხოვრებს. შარშან მან პარტია "ბედნიერი საქართველო" დააფუძნა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დააანონსა, თუმცა მოგვიანებით გადაიფიქრა.