პოლიტიკა
რესპუბლიკელი მინისტრები ხიდაშელი და ზაქარეიშვილი გადადგნენ, მაგრამ რესპუბლიკელი პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი დარჩა

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ რესპუბლიკური პარტიის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

 აი მესამე რესპუბლიკელმა მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გადადგომაზე უარი განაცხადა, რესპუბლიკური პარტიიდან მმართველ, ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა, სამაგიეროდ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად დარჩა.

 „ჩვენ მზად ვიყავით, ჩვენი მინისტრები დარჩენილიყვნენ თანამდებობებზე არჩევნების ბოლომდე და ჩვენ მათ გარეშე გავიდოდით საარჩევნო კამპანიაში. “ქართულმა ოცნებამ” სხვაგვარად გადაწყვიტა. მან ჩათვალა, რომ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა წინასაარჩევნო კამპანის დროს არის მიუღებელი", -  განაცხადა უსუფაშვილმა. 

 რესპუბლიკურმა პარტიამ გუშინვე საარჩევნო სია წარადგინა.

 „წარმოგიდგენთ საარჩევნო სიის პირველ ნომერს დავით უსუფაშვილს და მის ირგვლივ გაერთიანებულ სუბიექტს - “უსუფაშვილი-რესპუბლიკელები”.  ჩვენ, “უსუფაშვილი-რესპუბლიკელები”, მოვდივართ რწმენით, რომ იმას, რასაც ამ წლების მანძილზე ძალა შევმატეთ და ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, უსაფრთხოება, ამას არა მხოლოდ განვავრცობთ, არამედ ახალ სიმაღლეებზე ავიყვანთ, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

 “ჩვენ შევძელით ის, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმისგან, მაგრამ იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ და შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა სჭირდება და რესპუბლიკელებს გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 თუმცა რესპუბლიკელები, 2016 წლის 8 ოქტომბერს ასარჩევი პარლამენტის ამუშავებამდე ყველაზე მაღალ – პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებენ, რადგან დავით უსუფაშვილის გადარჩევა მხოლოდ პარლამენტს შეუძლია.