საზოგადოება
რესპუბლიკური პარტიის დატოვების მიზეზებზე გიგლა აგულაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

 საქართველო, 13 ივლისი, საქინფორმი. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სოცქსელში აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

 "საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო რესპუბლიკური პარტია და დავრჩე გიორგი კვირიკაშვილის სამთავრობო გუნდში. ეს ნაბიჯი არ იყო უმტკივნეულო, რადგან წლები მაკავშირებს რესპუბლიკურ პარტიასთან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მამოძრავებდა მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა. კარგად ვარ ინფორმირებული პრემიერ–მინისტრისა და მისი გუნდის სამომავლო გეგმებზე, მჯერა ჩემი არჩევანის სისწორისა, რადგან იგი უკავშირდება საქართველოს მდგრად, სტაბილურ განვითარებას, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას. ბუნებრივია, ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში ქართულ ოცნებასთან ერთად გავაგრძელო საქმიანობა და წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში”, - ნათქვამია აგულაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.