საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საგანგებო შტაბის სხდომას გუბერნატორი ლევან შონია ხელმძღვანელობდა. გუბერნატორმა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ინფორმაცია მიიღო. ამჟამად ექვსივე დაზარალებულ მუნიციპალიტეტში ზარალის დამთვლელი სპეციალური კომისიები მუშაობენ.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაზიანებული შიდა გზების რეაბილიტაციისთვის შეტანილ იქნა ინერტული მასალა, თამაკონსა და აბედათში ხიდის აშენება უახლოეს დროში მოხდება, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაოში აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
სენაკის, აბაშისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ზარალის დამდგენმა კომისიამ დაამთავრა დეფექტური აქტების შედგენა, მულახში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ნაკრის ტერიტორიულ ერთეულში მუშაობს და მდინარის კალაპოტში მოქცევის სამუშაოებს ასრულებს „ნენსკრა-ჰესის“ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის კუთვნილი სპეციალური ტექნიკა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციოდ დაბა ჩხოროწყუში (გარახის უბანსა) და სხვა სოფლებში ჩატარდა ჩამორეცხილი გზების გაწმენდითი სამუშაოები და სანიაღვრე არხების ამოწმენდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.