აქტუალური
საქართველო უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელს ხატია დეკანოიძეს მოქალაქეობას ჩამოართმევს

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. “რამდენიმე დღის წინ შევიტყვე, რომ საქართველოში ჩემ მიმართ მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესი დაიწყეს - შესაბამისი ნოტიფიკაცია მოვიდა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ადამიანი, რომელიც უცხოურ პოლიციაში მუშაობს, არ შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე. მაგრამ ვნახოთ, რა არგუმენტაცია ექნებათ, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”, - განაცხადა უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა ხატია დეკანოიძემ.

 მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქეა და საქართველოში სისხლის სამართლის საქმეების ფიგურანტი არ არის. მისი თქმით, საქართველოში ბოლოს დაახლოებით სამი კვირის წინ იმყოფებოდა. დეკანოიძე უკრაინის პოლიციას სათავეში გასული წლის შემოდგომაზე ჩაუდგა. უკრაინის კანონებით, უცხოელს შეუძლია, ორი წელი იმუშაოს სახელმწიფო სამსახურში ორი პასპორტის შენარჩუნებით. დეკანოიძის დეკლარაციის თანახმად, უკრაინაში მუშაობისას ის საქართველოში ათჯერ უფრო მეტს გამოიმუშავებს.