სამართალი
გიორგი მღებრიშვილი სტიქიით დაზარალებულ რეგიონში ჩავიდა

 საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დავალებით, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის რეგიონში ჩავიდა და შუახევის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. შს მინისტრი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს და შსს-ს მაშველების მუშაობას ადგილზე გაეცნო.

 „450 შეტყობინება შემოვიდა; 500–მდე მაშველი ახლაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. ქვეყნის მასშტაბით, მობილიზებულია 100 ერთეული ტექნიკა. რაც მთავარია, ადამიანური მსხვერპლი არ გვაქვს. ერთად დავდგებით და ყველა პრობლემას დავძლევთ“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში ყოფნის დროს.

 8 ივლისს, უხვი ნალექის მოსვლისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 200 მაშველი და 20 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა აჭარის რეგიონში გადაუდებელ სამუშაოებში ჩაერთო. შსს-ს მაშველებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამეწყრილი სახლებიდან - ორი, ხოლო შუახევში 5 ოჯახი გამოიყვანეს.