საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ნატო-საქართველოს კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო გახდება ნატოს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ამის შესახებ ლაპარაკია კომისიის მიერ გამოქვეყნებული 10-პუნქტიანი განცხადების მე-7 პუნქტში.
"2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე, როგორც შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. მოკავშირეები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი. ასევე გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს ჩართულობა ნატოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისევე, როგორც თავსებადობის პლატფორმა", - ნათქვამია განცხადებაში.