პოლიტიკა
ნატო ავღანეთის შეიარაღებული ძალების ფინანსურ მხარდაჭერას 2020 წლამდე გააგრძელებს, მტკიცე მხარდაჭერის მისია კი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც მხარეებმა ვარშავის სამიტზე მიიღეს. დახურულ შეხვედრაზე ნატოს წევრი ქვეყნები და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  საერთაშორისო კოალიცია გააგრძელებს ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების, მათ შორის პოლიციის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სპეცდანიშნულების ძალების გაწვრთნას, კონსულტაციების გაწევას და სხვა სახის დახმარებას.

თავის მხრივ, ავღანური მხარე იღებს ვალდებულებას, გააგრძელოს ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერება, იმოქმედოს ეფექტიანი სამოქალაქო კონტროლის ფარგლებში, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და გააგრძელოს რეფორმების გატარება.

ამასთან, როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა,  უახლოეს პერიოდში გადაწყდება, 2016 წლის შემდეგ ავღანეთში რა რაოდენობის კონტინგენტი დარჩება.