აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფებოდა

 საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე უკრაინელ კოლეგას შეხვდა. უკრაინის არმიის გენერალ ვიქტორ მუჟენკოსთან შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი სწავლებების ჩატარებასა და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა სტეფან პოლტორაკმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე გენერლებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. კიევის შემდეგ გენერალ-მაიორი კაპანაძე ლვოვს ესტუმრა, სადაც სამხედრო სწავლების Rapid Trident 2016-ის მიმდინარეობას გაეცნო. გამოჩენილ ვიზიტორთა დღეს, სპეციალურად მოწვეული სტუმრებისთვის, საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში 13 ქვეყნის (უკრაინა, აშშ, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ბულგარეთი, ლიტვა, თურქეთი, რუმინეთი, საქართველო, მოლდოვა, პოლონეთი, ნორვეგია და შვედეთი) 1800-ზე მეტი (მათ შორის 8 ქართველი) სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.