საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გუშინ პარლამენტთან აქცია გაიმართა - უმუშევართა კავშირი და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობა“ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას მოითხოვდნენ.
ლაპარაკია კანონპროექტზე, რომელიც უსახლკარო პირებისთვის სტატუსის მინიჭებას და ჯანდაცვის სამინისტროს სოციალურ სააგენტოში დეპარტამენტის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის პრობლემის მოგვარების პროცესს მონიტორინგს გაუწევს.
პარლამენტის შენობიდან აქციის მონაწილეებმა მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლეს. ისინი პრემიერ–მინისტრისგან დეპარტამენტისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი დაშლას არ აპირებენ.
“თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი და არასამთავრობო ორგანიზაციის რამდენიმე წევრი გუშინ საღამოს აღნიშნულ მოთხოვნებზე სასაუბროდ საქართველოს პირველ ვიცე პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ.