სამართალი
გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ დააყენეს 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი. ქართულმა მხარემ საოკუპაციო ძალისა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი, რათა ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული პირის დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს საქმის მასალები, კერძოდ, დნმ-ს ანალიზის, ბალისტიკური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები.

საუბარი ასევე შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებსა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესს, რომელიც ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

ქართულმა მხარემ ასევე დააყენა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი ლუკავას გათავისუფლების საკითხი.