პოლიტიკა
აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს - გიორგი კვირიკაშვილმა და ჯონ კერიმ მემორანდუმს მოაწერეს ხელი (ვიდეო)

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ამერიკა აღიარებს საქართველოს, როგორც რეგიონში სტრატეგიულ და სანდო პარტნიორს და მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას. ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს (ვიდეო იხ. აქ).

 დოკუმენტი ქმნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისა და მისი შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი მდგრადობისთვის და თავდაცვისუნარიანობის ეფექტიანობის ამაღლებისთვის.

 აგრეთვე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის მიზანია საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობის გაღრმავება ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიმართულებით. მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის კერძო და საჯარო უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებს შორის ურთიერთობას; მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ განათლების სფეროში არსებულ საუკეთესო გამოცდილებას, ასევე, შესაბამის უნივერსიტეტებში სწავლისა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.