პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა ჯონ კერის ვიზიტის კონკრეტულ შედეგებზე ისაუბრა და ვიზიტს წარმატებული უწოდა (ვიდეო)

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ჯონ კერის ვიზიტს უკვე აქვს ხელშესახები შედეგები, რაც ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას (ვიდეო იხ. აქ).

 „ამერიკის შეერთებული შტატების მდივნის ჯონ კერის ვიზიტი არის დადასტურება საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისა და მნიშვნელოვანია რომ იგი შედგა ნატოს ვარშავის სამიტის წინ, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის. ვიზიტის შედეგები არის ორ ქვეყანას შორის გაფორმებული მემორანდუმები. ხელი მოეწერა მემორანდუმს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესახებ, რაც ქმნის პარტნიორობის ახალ ჩარჩოს ამ მიმართულებით თანამშრომლობაზე. ეს არის ასევე მემორანდუმი საგანმანათლებლო თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის მიხედვით აორმაგებს ქართველი სტუდენტების რაოდენობას. მათ ექნებათ საშუალება, აშშ-ში მიიღონ განათლება. ასევე განვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრამა „ზრდა", რომელსაც USAID-ი დააფინანსებს. იგი ფოკუსირებულია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დასახლებებში მცირე და მიკრობიზნესის განვითარებაზე, რის შედეგადაც საბოლოო ჯამში 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ასევე 11 000 ოჯახს შეეხება ეს პროგრამა. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლებითაც ეს ვიზიტი დასრულდა და მინდა მოგილოცოთ ყველას!” - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.