პუბლიკაციები
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია

 სპიკერის ოფისი
ვაშინგტონი (კოლუმბიის ოლქი)
2016 წლის 6 ივლისი

6 ივლისს, თბილისში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თანათავმჯდომარეობით, გაიმართა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარული სხდომა. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც დაარსდა 2009 წელს, მიზნად ისახავს ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას პრიორიტეტთა ფართო სპექტრში საერთო მიზნების მისაღწევად, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და მმართველობა, თავდაცვა და უსაფრთხოება, ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა, ადამიანთა შორის კონტაქტები და კულტურული გაცვლა. დღევანდელი შეხვედრის ფარგლებში მდივანმა კერიმ წარადგინა რამდენიმე ინიციატივა, რომელთა მიზანიცაა ორმხრივი თანამშრომლობის განმტკიცება.

თავდაცვა და უსაფრთხოება: მდივანმა კერიმ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. ეს მემორანდუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს და აფართოებს ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების ისეთ სფეროებში, როგორიცაა თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება, სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა.

ეკონომიკა, ენერგეტიკა და ვაჭრობა: მდივნმა კერიმ წარადგინა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური გაძლიერების ახალი ხუთწლიანი პროგრამა (15 მილიონი დოლარი). პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ქართველი ბიზნესმენების უნარები და გაიზრდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავლები. ამ პროგრამის მთავარი ბენეფიციარებია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა.

დემოკრატია და მმართველობა: მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ აშშ-ის შრომის დეპარტამენტი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცემს ერთ მილიონ დოლარს, რომელიც მოხმარდება საქართველოს მთავრობის მიერ შრომის კოდექსის გატარების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს დაფინანსება დაემატება აშშ-ის მიერ უკვე გამოყოფილ დახმარებას, რომელიც შეადგენს ორ მილიონ დოლარს.

ადამიანებს შორის კონტაქტები: მდივანმა კერიმ და პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა წარადგინეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი საქართველოსთვის ფულბრაიტის პროგრამის თანადაფინანსების შესახებ. 2016 წელს აშშ-ის მთავრობა აფინანსებს ფულბრაიტის სამ აკადემიურ პროგრამას. ახალი შეთანხმების საფუძველზე, კი ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო დაახლოებით გააორმაგებენ ქართველ სტუდენტთა რიცხვს, რომლებიც სარგებლობენ ფულბრაიტის სტიპენდიით ამერიკის შეერთებულ შტატებში განათლების მისაღებად.