პოლიტიკა
საქართველოს ელჩს აშშ–ში განცხადებისთვის, რომ საქართველოს მთავრობაში არიან „პრორუსული“ მინისტრები, თბილისიდან სახელმწიფო მდივნის გამგზავრების შემდეგ გაათავისუფლებენ

 საქართველო, 7 ივლისი, საქინფორმი.  საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო თბილისში გამოიძახა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ დავით ზალკალიანმა გააკეთა, რომელმაც არ უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ გეგეშიძის მიერ გაკეთებული განცხადება მისი გათავისუფლების საფუძველი გახდეს.

 გეგეშიძის მისამართით მკვეთრად კრიტიკული განცხადებები გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, უწოდეს რა მას „არაკომპეტენტური ელჩი, რომელიც არაკვალიფიციურ განცხადებებს აკეთებს“.

 არჩილ გეგეშიძე თბილისში უკვე დაბრუნდა, თუმცა აეროპორტში ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ასევე არ დასწრებია გუშინ საქართველოში ჩამოსული აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის არცერთ შეხვედრას, რაც პროტოკოლით ევალებოდა.

 „კომენტარს არ ვაკეთებ. ტყუილად გარჯილხართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა განვიხილოთ ეს თემები და ამის შემდეგ გაჟღერდება ყველაფერი, რაც თქვენ გაინტერესებთ”, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

 შეგახსენებთ: აშშ-ში საქართველოს ელჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრორუსული ძალები მმართველ გუნდში არიან, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე არ მოქმედებენ.

 გეგეშიძის აღნიშნულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტმა ”არაკვალიფიციური ელჩის არაკომპეტენტური განცხადება” უწოდა.