საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე ქართული დელეგაციის მიერ მომზადებული რეზოლუცია „კონფლიქტები საქართველოში“ დაამტკიცეს. ეუთო-ს საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა დოკუმენტს კენჭი უყარეს და საკითხი სესიაზე გავიდა. რეზოლუციის პროექტში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზეა გაკეთებული და ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას. ამასთან, რეზოლუციის პროექტში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ეუთო-ს, გააორმაგოს ძალისხმევა, რათა გაძლიერდეს ორგანიზაციის ჩართულობა საქართველოში, გაიზარდოს მისი როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის, ხელი შეუწყოს შერიგების პროცესს ადგილზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებით.