საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ მინისტრთა კაბინეტის დატოვების შესახებ თემის კომენტირებისას განაცხადა.
„ჯერ არც რესპუბლიკურ პარტიას მიუღია ეს გადაწყვეტილება და არც გიორგი კვირიკაშვილს. ამასთანავე, არჩევნები ახლოვდება, არჩევნები რომ ახლოვდება, ყველა პარტია, მათ შორის რესპუბლიკური, ემზადება არჩევნებისთვის. ამიტომ არ არის გამორიცხული და ჩვენ ეს განვაცხადეთ, რომ ვარშავის სამიტის შემდეგ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ეს გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს იქნება არა კარების გამოჯახუნება, არა ფანჯრიდან ვინმეს გადმოგდება, არამედ ცივილური ევროპული გაყრა. კოალიციურ პასუხისმგებლობებს ვასრულებთ მანამ, სანამ ეს ქვეყანას სჭირდება და ამასობაში არჩევნებისთვის ვემზადებით ცალ-ცალკე“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ აღნიშნულ განცხადებას "ნაციონალური მოძრაობა" ეხმაურება. „ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს ეს პარტია, გასაგებია, რომ როგორც ჩანს, მათ არ აქვთ არანაირი შანსი, დამოუკიდებლად გავიდნენ საარჩევნო ასპარეზზე და შესაბამისად, ბატონმა უსუფაშვილმა, ჩანს, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გააგრძელოს ბიძინა ივანიშვილისთვის პირის მოხოცვის პოლიტიკა და ეს მისი არჩევანია“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.