აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მიემგზავრება

 საქართველო, 6 ივლისი, საქინფორმი. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მიმავალი ქართული დანაყოფის გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრო.

 „დარწმუნებული ვარ, თქვენი წინამორბედების მსგავსად, თქვენც ამაყად ჩაიტანთ საქართველოს დროშას ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში. განსაკუთრებით მივესალმები იმ სამხედრო მოსამსახურეებს, ვინც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მსახურობდით. იცით, რომ ცენტრალურ აფრიკაში საგამოძიებო ჯგუფი იმყოფებოდა და მინდა, ამ ტრიბუნიდან გავიმეორო, რომ არასოდეს არავის არ მივცემთ უფლებას, ჩვენს სამხედრო მოსამსახურეებს მიაყენონ შეურაცხყოფა და შეეხონ ყველაზე უფრო მთავარს, ღირსებას და რეპუტაციას.

 ძალიან მოკლე ხანში ჩვენ მოვითხოვეთ გაეროსგან ბოდიშის მოხდა თქვენთვის, ქართული სახელმწიფოსთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ორგანიზაციისთვის მისი რეპუტაცია მნიშვნელოვანია და ამას აუცილებლად მივაღწევთ, - მიმართა თინათინ ხიდაშელმა სამხედროებს.

 ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა მარმალზე გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში 7 თვის განმავლობაში იმსახურებენ. II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული 32-ე ბატალიონის “ბრავო“ ასეულს ჩაანაცვლებს.