აქტუალური
„რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები და უარი თქვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახელმწიფოებად აღიარებაზე“ – უსუფაშვილი

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა ჩვენ მიერ ინიცირებულ რეზოლუციას საქართველოში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, რომელშიც ძალიან მკაფიოდ ხაზგასმულია ყველა ის პრობლემა, რომელიც გვაქვს. რეზოლუციის მიხედვით, რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის აგვისტოში დადებული ხელშეკრულება და მისცეს საშუალება დევნილებს, დაბრუნდნენ თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში, გაიყვანოს შეიარაღებული შენაერთები ამ ტერიტორიებიდან და უარი თქვას საქართველოს რეგიონების სახელმწიფოებად გამოცხადებასა და აღიარებაზე. როგორც ამ დებატების დროს ჩვენმა მხარდამჭერმა პარლამენტის წევრებმა აღნიშნეს, დოკუმენტი არის უპრეცედენტოდ მკაფიო, ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, გარდა რუსეთის ფედერაციისა. ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია, რადგან ამ დოკუმენტით მსოფლიოს 57 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას, რომ დაიცვას ის სტანდარტები, რაც დასაცავია”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.