საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. როგორც ICER-ის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლევან ქისტაურმა განაცხადა, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის იანვარი-ივნისის პერიოდის შემოსულობებმა 4 428 მლნ. ლარი შეადგინა, რაც
გეგმიური მაჩვენებლის 95,5%-ია. ცნობისათვის, 2015 წლის ანალოგიური პერიოდის შესრულების მაჩვენებელი 105,7%-ს შეადგენდა.
ლევან ქისტაურის განმარტებით - „შემოსულობები შედგება შემოსავლებისაგან, არაფინანსური აქტივების კლებისგან, ფინანსური აქტივების კლებისგან და ვალდებულებების ზრდისგან. ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ერთმანეთში არ ავურიოთ შემოსავლები და შემოსულობები. აღნიშნულ მუხლებში უკეთ გარკვევისათვის სასურველია გავეცნოთ საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციას, რომელიც ფინანსთა მინისტრის მიერ 2010 წლის #672 ბრძანებით არის დამტკიცებული“.
ICER-ის ხელმძღვანელის განმარტებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ მონაცემებს სახელმწიფო ხაზინა გარკვეული პერიოდულობით აქვეყნებს. მ.წ. ივნისის თვის შესრულების დეტალური ანგარიში 20 ივლისისთვის გამოქვეყნდება. დღეისათვის არსებული ინფორმაციით კი შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, საგადასახადო შემოსავლების, გადასახდელებისა და გარდამავალი ნაშთის მაჩვენებლების შეფასება.
როგორც ლევან ქისტაური აცხადებს, სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის 2016 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის ჯამურმა საგადასახადო შემოსავლებმა 3 744 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 0,8%-ით (24 მლნ. ლარით) აღემატება მ.წ. 6 თვის გეგმას, ანუ საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმა შემოსულობებისგან განსხვავებით გადაჭარბებით შესრულდა.
„რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახდელებს, განვლილ 6 თვეში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 4 679 მლნ. ლარი შეადგინა, რაც გეგმიური მაჩვენებლის 95%-ია. შარშანდელი ანალოგიური მაჩვენებელი კი 96,3%-ს შეადგენდა“ - აცხადებს ICER-ის ხელმძღვანელი.
მისი შეფასებით საინტერესო ტენდენციებია აგრეთვე, ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებით. ,,ივნისის ბოლოსთვის აღნიშნულმა მაჩვენებელმა 371 მლნ. ლარი შეადგინა, რაც წლის დასაწყისთან შედარებით 251 მლნ. ლარით, ხოლო წინა თვესთან შედარებით 103 მლნ. ლარით არის შემცირებული, ასეთი ხარჯვა კი ბუნებრივია არაერთგვაროვან გავლენას ახდენს ზოგადად მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის ეკონომიკურ ზრდასა და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ გარდამავალი ნაშთის შემცირება ბუჯეტის კვარტალური განწერით განსაზღვრული ფინანსური აქტივების კლების გეგმის ფარგლებშია“ - აცხადებს ,,ეკონომიკური კვლევის ცენტრის“ (ICER-ის) ხელმძღვანელი ლევან ქისტაური.