საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - წერია რეზოლუციის პროექტში. პროექტი უკვე მოიწონა ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა, თუმცა რეზოლუციის წინააღმდეგი რუსეთის დელეგაცია იყო.
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი აღნიშნავს, რომ რეზოლუციის პროექტი პოლიტიზებული და ანტირუსულია.
„რეზოლუციის პროექტი არის მეტისმეტად პოლიტიზებული. ის არის ღიად ანტირუსული დოკუმენტი და მოიცავს რუსეთის ფედერაციის მიმართ პრეტენზიების სტანდარტულ კრებულს, მათ შორისაა: თითქოსდა, ოკუპაცია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის, ასევე მავთულხლართების აგების გზით, ადამიანების უფლებების დარღვევა. ასეთი ტექსტუალური, დამუშავება ჩვენი აზრით, შესაფერისი არ არის“,- განაცხადა კოვალიოვმა.
ბულგარეთის დელეგაციის ხელმძღვანელი პოზიტიურადაა განწყობილი, რომ რეზოლუციაში ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხებია განხილული.
"სოფელ ხურვალეთში, რომელიც ორადაა გაყოფილი, მამა შვილისგან და ნათესავებისგან არის მოწყვეტილი, მისი მეუღლე კი ცუდადაა და მედიკამენტებს ვერ იღებს. გლობალური პოლიტიკა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, ადამიანების სიცოცხლე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია და სწორედ ისინი უნდა იყოს განხილვის მთავარი თემა“,- განაცხადა კრისტიან ვიგენინიმ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრი, კრისტოფ ბერგნერი აღნიშნავს, რომ მოხარულები არიან, რომ საერთაშორისო ყურადღება მიმართულია რეგიონში არსებულ პრობლემებზე.