საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. „საქართველოდან გერმანიაში სულ უფრო მეტი ბანდიტები შემოდიან, თუმცა, ამის მიუხედავად, ევროკავშირს სურს საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი დააწესოს. გერმანიაში კი ამ სავარაუდო გადაწყვეტილებისადმი წინააღმდეგობა იზრდება“, - ასე იწყება გაზეთ „ბილდში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მიმოხილულია ვიზალიბერალიზებასთან დაკავშირებული სიტუაცია და გადმოცემულია გერმანელი ექსპერტების კომენტარები (ავტორი - ფრანც სოლმს-ლაუბახი).
ექსპერტ არმინ შუსტერის აზრით (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი): „ქართველი იმიგრანტები ძალიან ღრმად არიან ჩაბმული ორგანიზებულ დამნაშავეობაში. ახლა რომ ჩვენ უვიზო რეჟიმი შემოვიღოთ, კრიმინალური სიტუაცია კიდევ უფრო გაურესდება“.
„ბილდის“ კორესპონდენტთან საუბარში პოლიციის წარმომადგენელი ანდრე შულცი ამბობს, რომ „დამნაშავეთა უკან ქართული მაფიის მოქმედება იკვეთება, რომელიც გერმანიაში ქურდებს მიზანმიმართულად აგზავნის. აქ ჩამოსვლის შემდეგ ისინი თავშესაფრის მიღებას ითხოვენ და სანამ მათი თხოვნა იხილება (8-12 თვის განმავლობაში), ქურდობენ და დანაშაულს სჩადიან. გერმანია ქურდებისა და ბინის მძარცველებისათვის სამოთხის მსგავსი მიმზიდველი ქვეყანაა. ჩვენ ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყანა ვართ და ეს ფაქტორი უცხოელ ქურდებზე მაგნიტივით მოქმედებს“.
„ამჟამად საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი და ნატოს წევრობა ნაადრევია. ვიზალიბერალიზება უკონტროლო მიგრაციის ზრდას გამოიწვევს, მომრავლდება თავშესაფრის მსურველთა რიცხვი, გაიზრდება დამნაშავეობის დონე, ნატოში მიღება კი რუსეთთან დაპირისპირებას გამოიწვევს“, - აცხადებს ექსპერტი ჰანს-პეტერ ული (ქრისტიან-სოციალური კავშირი).