პოლიტიკა
კვირიკაშვილის თქმით, რუსეთის მიმართ პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზული საფრთხეები რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. თბილისში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია  გაიხსნა, რომელსაც ეუთოს წევრი ქვეყნების 700–ზე მეტი სტუმარი ესწრება.  ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიმართა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა, რომ დღეს საქართველოს  ტერიტორიები ოკუპირებულია. მისი განმარტებით, 2012 წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დეესკალაციას: აღდგა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობფ, გვარდება გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები.

 პრემიერ–მინისტრის თქმით, რუსეთის მიმართ პრაგმატული კურსის მიუხედავად, სერიოზული საფრთხეები რჩება აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ; ხდება ხელოვნური ბარიერების აღმართვა და მიმდინარეობს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაცია, რაც უარყოფითად აისახება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პერსპექტივაზე.

 საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის ტრიბუნიდან  გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობაზე ისაუბრა. „აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევებს და ჰუმანიტარული მდგომარეობის სიმძიმეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახლახან სოფელ ხურჩაში,  საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეუიარაღებელი ქართველი მოქალაქის გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობა. აღნიშნული ინციდენტები სერიოზულ რისკებს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებას. ეს გამოწვევები და რისკები ახალი ხედვების შემუშავებისა და ერთობლივი ქმედების აუცილებლობას გვკარნახობს“, – განაცხადა პრემიერმა.