აქტუალური
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. "ევროპის საბჭო მყარად დგას საქართველოს გვერდით!" - ეს განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე გააკეთა. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, ჩაატარო საუკეთესო, დემოკრატიული და ყველაზე თავისუფალი არჩევნები საქართველოს ისტორიაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ მიზანს ემსახურება მათ შორის ის ნაბიჯიც, რომ ხელისუფლება არჩევნებზე დასაკვირვებლად  სხვადასხვა ქვეყნისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციის რაც შეიძლება მეტ დამკვირვებელს იწვევს.

 მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ კომპლექსურ რეფორმებზე, რომლებიც მთავრობამ 2012 წლიდან დღემდე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების მიმართულებით განახორციელა და აღნიშნა, რომ ამაზე საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციებიც მიუთითებს.

 შეხვედრისას საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ ვითარებას. ამ კონტექსტში მხარეებმა ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.