უცხოეთი
აფხაზეთი ბელარუსისა და ყაზახეთისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებას გეგმავს

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციამ შეიმუშავა კანონპროექტი ბელარუსი და ყაზახი ტურისტებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.

 2016 წლის 1 აპრილიდან აფხაზეთში მოქმედებს კანონი „აფხაზეთის რესპუბლიკაში შესვლისა და გამოსვლის წესის შესახებ“, რომლის მიხედვითაც იმ უცხო სახელმწიფოების მოქალაქეებისთვის, რომლებთანაც ხელმოწერილი არ არის სამთავრობოთშორისი შეთანხმებები ურთიერთ უვიზო მგზავრობაზე, შემოღებულია სავიზო რეჟიმი. უვიზო რეჟიმი რესპუბლიკაში მოქმედებს რფ-ის, ნიკარაგუას, ტუვალუს, არაღიარებული დნესტრისპირა მოლდოვას რესპუბლიკისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის.

 „ადმინისტრაციამ შეიმუშავა ბრძანებულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შემოღებას შემდეგი კატეგორიის უცხოელი მოქალაქეებისთვის: უცხოელი მოქალაქე-ექსკურსანტებისთვის ორგანიზებული საექსკურსიო ჯგუფის შემადგენლობაში ერთი დღეღამის ვადით, ბელარუსისა და ყაზახეთის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის, რომლებიც აფხაზეთში ტურისტული მიზნებით შემოდიან არა უმეტეს ორი კვირის ვადით“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილე დიმიტრი შამბამ.