საზოგადოება
დღეიდან მინიმალური პენსია საქართველოში 180 ლარია (78 აშშ დოლარი)

 საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, 1 ივლისიდან პენსია გაეზრდებათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის - ბავშვებს. მათი პენსია, ისევე, როგორც ასაკით პენსიონერების, გახდება 180 ლარი. სულ  ცვლილებები შეეხება 35000-მდე ადამიანს.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე 1 ივლისიდან შედის ძალაში საპენსიო ცვლილებები ასაკით პენსიონერებისთვის - პენსია გაიზრდება 20 ლარით, ანუ გახდება 180 ლარი.

„რაც შეეხება პენსიის ზრდის თვალსაზრისით სრულ სურათს  ოთხი წლის განმავლობაში, თუკი 2012 წლისთვის  ეს იყო 1,45 მილიარდი ლარი, წელს თანხა შეადგენს 1,570 მილიარდს, ანუ გაიზარდა ნახევარ მილიარდზე მეტი ლარით, პროცენტულად ეს არის 65%-იანი ზრდა. ასევე მნიშვნელოვანია, პენსიონერების საერთო რაოდენობის ზრდა როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში - 2012 წელს იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713 000 ასაკით პენსიონერი, ანუ 33 000-ით მეტი”, -  განაცხადა მინისტრმა.

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, 1 სექტემბრიდან მთის კანონთან დაკავშირებით კანონში შევა ცვლილებები, რომელთა მიხედვით,  მთაში მცხოვრებ ასაკით პენსიონერებს პენსია დამატებით  20 პროცენტით გაეზრდებათ და ჯამში 216 ლარი ექნებათ.