საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი მთავრობის სხდომაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარ ფაქტებს გამოეხმაურა.
„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშანდელი ჩანაბარები ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე. მინდა, სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები. ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, დავასუბსიდიროთ ყურძნის ჩაბარება, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„50–ზე მეტ მევენახეზეა საუბარი რამდენიმე სოფლიდან, 200 000 ლარზე მეტ თანხას ეხება საქმე. საბოლოო ჯამში იყო გამოძიება, არ გააჩნიათ ის აქტივები იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და ვეცდებით, გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი“, –განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.