უცხოეთი
სამმაგი ტერაქტის შემდეგ სტამბულის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა განაახლა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა აეროპორტში განაცხადა.

ილდირიმის ინფორმაციით, აეროპორტმა ავიარეისების მიღება და გაშვება უკვე დაიწყო.

"საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება, თუმცა აეროპორტი გახსნილია და საჰაერო მიმოსვლა აღდგა", - აღნიშნა ილდირიმმა.

CNN Turk-ის ინფორმაციით, 29 ივნისის დილით აეროპორტში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის რამდენიმე თვითმფრინავი დაეშვა.

შეგახსენებთ, 28 ივნისს, 22 საათსა და 15 წუთზე, ათათურქის აეროპორტში თავი სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. ამჟმინდელი მონაცემებით, დაღუპულია 36, ხოლო დაშვებულია 150-მდე ადამიანი,

ერთი აფეთქება საერთაშორისო ტერმინალთან მოხდა, სადაც ტერორისტმა სავარაუდოდ "კალაშნიკოვის" ტიპის იარაღიდან ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი აიფეთქა. ტერორისტის მიერ ცეცხლის გახსნას, პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. მეორე აფეთქება ადგილობრივ ტერმინალთან მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოებში ტაქსების მძღოლებმა და სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანეს.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, თურქეთის პრემიერის თქმით, ტერაქტის უკან დიდი ვარაუდით "ისლამური სახელმწიფო" დგას.

ცნობისთვის, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმების შედეგად მსხვერპლი იზრდება, ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით,  დაშავებულთა რაოდენობამ 150–ს მიაღწია.