საზოგადოება
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და საქინფორმი სულხან მოლაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მწუხარებას გამოთქვამს სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

 „ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ სულხან მოლაშვილის გარდაცვალების გამო. სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც თავისი შეგნებული ცხოვრების დიდი ნაწილი სიმართლისთვის ბრძოლას შეალია. მისი გარდაცვალებით ქვეყანამ საზოგადოების ღირსეული წევრი დაკარგა. თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც სულხან მოლაშვილს ღირსებისა და სიმართლისთვის ბრძოლაში წლების განმავლობაში გვერდით ედგა და ამხნევებდა", – ნათქვამია სამძიმრის წერილში.

 საქინფორმი უერთდება საქართველოს მმართველი პარტიის სამძიმარს და მკითხველებს შეახსენებს, რომ პარიზში გუშინ გარდაცვლილი, შევარდნაძის მმართველობის დროს  საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი უფროსი სააკაშვილისა და მისი დანაშაულებრივი რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლად იქცა.

 ციხეში მოლაშვილის წამების ამსახველმა კადრებმა, რომელიც სასჯელს ცრუ ბრალდებით იხდიდა, ანთებული სიგარეტით დამწვარი კიდურებით, შეძრა ინტერნეტმომხმარებლები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საზღვარგარეთ ემიგრაციაში ყოფნისას ხანგრძლივმა მკურნალობამ ხელშესახები შედეგი ვერ მოუტანა წამებით შერყეულ ჯანმრთელობას.

 დაკავებამდე მტკიცე ჯანმრთელობით გამორჩეული ბრგე მამაკაცი ციხიდან საოცრად შეცვლილი გამოვიდა – ფერმკრთალი და ფიზიკურად გამოფიტული, თუმცა არა –სულით! სიცოცხლის ბოლო დღეებამდე სულხან მოლაშვილი ამხელდა დამნაშავე სააკაშვილსა და მის ჯალათებს, რათა არ დაეშვა საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მმართველობის საშინელებათა განმეორება (იმხანად საგანგებოდ ვრცელდებოდა ხმები, რომ მოლაშვილი სააკაშვილმა თითქოსდა მის მეუღლე – სანდრა რულოვსთან სექსუალური კავშირისთვის დასაჯა).