პოლიტიკა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 67-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი.  ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებაზე, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. საუბარი შეეხო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტებს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მკაცრად დაგმეს საოკუპაციო ძალების ქმედებები და შეხვედრის მხარეებს აღნიშნულის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

ქართულმა მხარემ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ წამოჭრა 28 ივნისს გაუჩინარებული ნიკა საღირაშვილის საკითხი, რომლის თაობაზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ რამდენჯერმე იყო გააქტიურებული. ქართულმა მხარემ მოითხოვა ინფორმაცია საოკუპაციო ზოლთან საოკუპაციო ძალების მიერ დამონტაჟებული ვიდეოკამერის ჩანაწერის შესახებ და მიიღო დაპირება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებისგან, რომ ამ მონაცემებს უახლოეს დღეებში მიაწვდიან.