საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. მასმედიის წარმომადგენლებთან საუბრისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული დანაყოფების მონაწილეობის შესახებ ილაპარაკა.
„22 მაისს საქართველოში სერტიფიცირება გაიარა პირველმა ქართულმა ასეულმა. საკმაოდ სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, მე-12 ბატალიონის ასეული უკვე არის ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების ოფიციალური ნაწილი. პორტუგალიაში, ამერიკაში, რუმინეთში და ბალტიისპირეთში არსებობენ მსგავსი შენაერთები და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ ნატოს მისიებსა და ამოცანებში. ზუსტად ასევეა სრულ მზადყოფნაში ერთი ქართული ასეული. ჩვენ დავიწყეთ მეორე ასეულის ანალოგიურ სისტემაზე გადაყვანის პროცედურები და გარწმუნებთ, რომ თუ ყველაფერი პროექტის მიხედვით წავიდა, ჩვენ კიდევ ერთი დანაყოფი შეგვემატება, რომელსაც ანალოგიური ამოცანების შესრულება შეეძლება“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.