საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. გერმანულ-ამერიკული ორგანიზაცია GFK-ს მიერ “რუსთავი 2”-თან დაკაშირებით ჩატარებულ კვლევას მმართველი გუნდის წევრები არ ენდობიან.
„თქვენ ხართ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ტელევიზია. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ დამოუკიდებლად იფუნქციონიროთ, ხელი არ შეგეშალოთ, მაგრამ ვიტოვებთ უფლებას, ვენდოთ თუ არ ვენდოთ ხოლმე, თუკი თქვენ ავალებთ ვინმეს კვლევების ჩატარებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
„იმის გარდა, რომ პროპაგანდა მიმდინარეობს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია კრიტიკული ტელევიზიის შეზღუდვით, არსებობს რეალობა იმისა, რომ მართლაც “რუსთავი 2” არის სექტორი თუ სექცია “ნაციონალური მოძრაობის", - აღნიშნა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ.
მკვლევართა მიერ დასმულ კითხვაზე - გსმენიათ თუ არა “რუსთავი 2”-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის შესახებ - გამოკითხულთა 85.6%-მა უპასუხა - დიახ, 14.4%-მა - არა. გამოკითხულთა 38.9% მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს მედიის დამოუკიდებლობაზე შეტევას.
კვლევა სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ორგანიზაცია GFK-მ ჩაატარა. წინასაარჩევნო გამოკითხვამ მოიცვა საქართველოს 2200 სრულწლოვანი მოქალაქე, კვლევა ჩატარდა პირდაპირი გამოკითხვის გზით, 2016 წლის 7 ივნისიდან 22 ივნისამდე.
გამოკითხულთა შერჩევა ემყარებოდა შემთხვევითობის პრინციპს. ცდომილების ზღვარი შეადგენს პლუს-მინუს 2.1 პროცენტს.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ GFK სწორედ ის კომპანიაა, რომელიც თურქეთში 21 მლნ დოლარით დააჯარიმეს გადასახადებისთვის თავის არიდების გამო, ხოლო უკრაინაში მისი სოცკვლევის შედეგების მიხედვით, ყირიმის მცხოვრებთა 82% მთლიანად მხარს უჭერს რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიას.