აქტუალური
"სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა!"- ხიდაშელს მიაჩნია, რომ სამშობლოს დაცვა 7 ლარად „მონური შრომაა“...

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გამოეხმაურა მისი მისამართით საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილის გუშინდელ კრიტიკულ განცხადებას.

 „სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური! („მონურ შრომად“ ხიდაშელი მოქალაქეობრივი ვალის მოხდას – სამშობლოს დაცვასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას მიიჩნევს, რაშიც ჯარისკაცს დღეში 7 ლარს უხდიან – საქინფორმი). ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

 თავდაცვის მინისტრი სესიაშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ორ კვირაში ის, შესაძლოა, აღარ იყოს თავდაცვის მინისტრი. ხიდაშელის თქმით, ირაკლი სესიაშვილს ამ საკითხზე პასუხი  პრემიერ-მინისტრმა უკვე გასცა.

 შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პოპულისტური და ქვეყნისთვის საზიანო უწოდა.