პუბლიკაციები
სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები 2018 წლის 1 იანვრამდე გადავადდება

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სოფლის მეურნეობის წარმოებაში დასაქმებულთა წახალისება კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში პარლამენტის წევრების გელა სამხარაულისა და გია ჟორჟოლიანის ინიციატივით შევიდა. კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პარლამენტმა გამარტივებული წესით განიხილა.

 გია ჟორჟოლიანის აზრით, შეღავათები სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელისშემწყობი იქნება, რადგან სოფლის მეურნეობა დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მოკლევადიან მოგებაზე არაა გათვლილი.

 „სოფლის მეურნეობა დღეს რეალურად არის ის დარგი, რომელიც აძლევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ეფეტური ბიზნესის კეთების საშუალებას. გაჩნდა უამრავი შანსი და პერსპექტივა საექსპორტო პოტენციალის მქონე კულტურებისწარმოებისა. ფაქტობრივად ეს არის არა მხოლოდ იმის საშუალება, რომ ამ ადამიანებმა გაიუმჯობესონ თავიანთი ფინანსური მდგომარეობა, არამედ შექმნან დოვლათი სოფლად, ჩაანაცვლონ იმპორტი და სერიოზული ბიძგი მისცენ ეკონომიკას დამატებითი ვალუტის ქვეყანაში შემოდინებით. ეს შეღავათები  მეწარმეებს ბიზნესის წინასწარ, გრძელვადიანად დაგეგმარების საშუალებას მისცემს. თუმცა, მთავარი მაინც ამ პროცესში არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრაზე ორიენტირებაა და არა შეღავათების გადავადების პრინციპზე სწორება. სოფლის მეურნეობა სპეციფიური დარგია, ის გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი, ამიტომ სახელმწიფოს ეს თანადგომა ვფიქრობ დროული და საჭირო იყო. შეღავათები კი რომელიც მოქმედებდა და რომლის გადავადებაც ჩვენი ინიციატივით მოხდა კოოპერატივებს ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს. ასევე, დასაბეგრი შემოსავლებისგან თავისუფლდება სასოფლო სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირი, თუ მის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული შემოსავალი არ აღემატება 200ათას ლარს. შეღავათები ეხება დასაქმებულთა ხელფასებს, დივიდენდებს, ლიზინგით გაცემულ ქონებას, ბაზრობების ორგანიზებას და ბევრ დეტალს, რომელზეც საუბარი შორს წაგვიყვანს. უმთავრესი  მიზანი მთელი ამ პროცესებისა კოოპერატივების და სამეურნეო აქტივობების ეფექტურობის გაზრდაა. “- განაცხადა გელა სამხარაულმა.

 კანონპროექტი სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების გადავადების გარდა, სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებასაც ითვალისწინებს.