პოლიტიკა
“საქართველო და რუსეთი ტერორიზმს ერთად უნდა ებრძოდნენ” - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. 27 ივნისს პრაღაში, გრიგორი კარასინისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მოულოდნელად ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოსა და რუსეთის თანამშრომლობის საკითხი დააყენა: “არსებობს საკითხები, რომლებიც უსაფრთხოებას და ტერორიზმთან ბრძოლას ეხება. საიდუმლო არ არის, რომ რუსეთისა და საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ახლო აღმოსავლეთში საომარ მოქმედებებში მონაწილეობდა და ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არიან. აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, რათა სპეცსამსახურებმა ინფორმაცია გაცვალონ”, - თქვა კარასინმა საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” პირველ არხთან ინტერვიუში.

 ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ “დღევანდელ შეხვედრაზე საუბრის ასეთ თემას არ ელოდა”. “მე ვთქვი, რომ ამჟამად ამ ფორმატში უსაფრთხოების საკითხებს, მით უმეტეს, ასეთ სპეციფიკურს, ვერაფრით განვიხილავთ, მაგრამ ამ ინფორმაციას თბილისს გადავცემ”, - აღნიშნა აბაშიძემ.

 უსაფრთხოების თემას რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისათვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კონტექსტში შეეხნენ. “რუსეთმა სავიზო რეჟიმი მაქსიმალურად ლიბერალური გახადა. რუსეთის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია, საქართველოს მოქალაქე სტუმრად მიიწვიოს... უვიზო რეჟიმამდე ჯერ არ მივსულვართ, მაგრამ ამ მიმართულებით მივდივართ”, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.