საქართველო, 29 ივნისი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ იწყებს ბლიც-ინტერვიუების სერიას წარმატებულ ლიდერ ქალებთან, რომლებსაც მხოლოდ ერთ შეკითხვას დავუსვამთ: „როგორი უნდა იყოს ქალი პოლიტიკაში?“.
დღეს ჩვენი სტუმარია თბილისის საკრებულოს ეთნიკური უმცირესობების საბჭოს ხელმძღვანელი, ქალბატონი რიტა ხიდირბეგიშვილი.
რიტა ხიდირბეგიშვილი: არ ვიცი, რას გიპასუხებენ სხვა რესპონდენტები, ალბათ, პირველ რიგში, გენდერულ თანასწორობაზე ილაპარაკებენ და მართლებიც იქნებიან, რადგან დღეს ქალები ბევრ საქმეში ვუსწრებთ მამაკაცებს და ამიტომ ვიმსახურებთ, მათთან თანაბრად ვიყოთ წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვაში.
ამავე დროს, აქ მიუღებელია კომუნისტური გადმონაშტი - კვოტები, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლების ფიქსირებული რაოდენობა ავტომატურად იყო წარმოდგენილი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, პარტიულ ორგანოებში მხოლოდ თავისი სქესობრივი ნიშნით და არა პროფესიული უნარების გათვალისწინებით.
- თქვენ როგორი წარმოგიდგენიათ პოლიტიკოსი ქალი?
- მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსი ქალები ყველაფერში არ უნდა შეეჯიბრონ მამაკაცებს, ეს მათ უბრალოდ არ სჭირდებათ. შესაძლოა, ძალიან ტრაფარეტულ რამეს ვამბობ, მაგრამ ქალს პოლიტიკაშიც არ უნდა ავიწყდებოდეს, რომ ის სუსტი სქესის წარმომადგენელია და ამ სისუსტეშია მისი სიძლიერე!
ამავე დროს, საქართველოში პოლიტიკოს ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ეს კავკასიაა, თავისი ტრადიციებითა და ემოციური მამაკაცებით, რომლებისთვისაც ქალი - დედა, და, მეუღლე, მეგობარი - ხელშეუხებელი და განსაკუთრებით პატივსაცემია. საქართველოში თუ ქალბატონი სასიკვდილოდ დაპირისპირებულ მამაკაცებს შორის თავის მანდილს ჩააგდებდა, ბრძოლა მომენტალურად წყდებოდა! ეს იყო ჩვენი წინაპრების ლამაზი ტრადიციაა და ჩვენი შვილები იმ რაინდულ ადათ-წესებზე, ჭეშმარიტად ქართული სულისკვეთებით და ფასეულობების გათვალისწინებით უნდა გავზარდოთ.
დღეს, როცა როცა დაძაბულობა გვაქვს ძმებთან - აფხაზებთან და ოსებთან, აგრეთვე მეზობელ რუსეთთან; როცა კავკასიელი ხალხები - სომხები და აზერბაიჯანლები - კონფრონტაციის რეჟიმში იმყოფებიან; როცა დაპირისპირება თვითონ ჩვენი ქვეყნის შიგნითაა - უკიდურესად გახლეჩილ ქართულ საზოგადოებაში სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხარდამჭერთა შორის, ქალმა შემრიგებელის, მედიატორის მისია უნდა იკისროს, მამაკაცებს მაგალითი აჩვენოს და კონსენსუსზე წასვლა აიძულოს, ამით კი პოლიტიკაში უაღრესად კრეატიული როლი ითამაშოს. აი, ზუსტად ეს იქნება „ნოუ-ჰაუ“, რომელიც ქალს შეუძლია, ქართულ პოლიტიკაში შემოიტანოს.
- დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ქალბატონო რიტა. წარმატებებს გისურვებთ!