უცხოეთი
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ დაასახელა პირობები, რომელთა შემთხვევაშიც ქვეყანა ევროკავშირიდან გასვლას დაიწყებს

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ჯორჯ ოსბორნი ფინანსური ბაზრების დამშვიდებას ცდილობს. ოსბორნმა პირველი ოფიციალური განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის  ევროკავშირში წევრობის შესახებ გამართული რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ.

 “ბრიტანეთი მზად არის წინ აღუდგეს იმას, რასაც მომავალი გვიმზადებს. მე არ მინდა, რომ ბრიტანთმა ზურგი შეაქციოს ევროპას ან დანარჩენ მსოფლიოს”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სატელევიზიო მიმართვისას.

 ამასთან, მინისტრმა აღიარა, რომ ზოგიერთმა კომპანიამ რეფერენდუმის შედეგების გამო ინვესტიციები და თანამშრომლების აყვანა შეაჩერა. ჯორჯ ოსბორნის თქმით, ქვეყნის ეკონომიკას ახალ რეალობასთან ადაპტირება მოუწევს.

 23 ივნისს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებით, ამომრჩეველთა 51,9 პროცენტმა ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ ფუნტის კურსი ბოლო 30 წლის განმავლობაში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა, დოლართან მიმართებაში ფუნტი 10 პროცენტით გაუფასურდა.