საზოგადოება
მოროშკინას ტრიუმფი მოსკოვში: წიგნის პრეზენტაციას მკითხველებთან ავტორის შეხვედრა მოჰყვა

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი.  2016 წლის 2 ივნისს მოსკოვში, რესტორან "მარანში" შედგა წიგნის "მიხეილ სააკაშვილის რეალური ისტორია. მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი" რუსული ვერსიის პრეზენტაცია, რომლის ავტორია ნიჭიერი მწერალი და ჟურნალისტი, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი უფლებადამცველი, საზოგადო მოღვაწე, არასამთავრობო ორგანიზაციის "ძლიერი ქალი - ძლიერი საქართველო" დამფუძნებელი და პრეზიდენტი ლალი მოროშკინა. ქართულ ენაზე წიგნი პირველად 2009 წელს საქართველოში, თბილისში გამოიცა.

 როგორც რუსული თარგმანის რეცენზენტმა, ცნობილმა მწერალმა მარია აბრამოვამ აღნიშნა, "წიგნი ძალზე მნიშვნელოვანია იმის გაგებისთვის, რა მოხდა საქართველოში და რა ხდება დღეს უკრაინაში. ის არა მხოლოდ დიდებულად დაწერილია, არამედ ინფორმაციული ანალოგები არ გააჩნია, რადგან ლალი მოროშკინა ჯერ სააკაშვილთან ერთ კლასში სწავლობდა, მერე კი მასთან ერთ მთავრობაში მუშაობდა - განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. პრეზიდენტ შევარდნაძის დროს კი სასჯელაღსრულების მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო, ამიტომაც ქართული პოლიტიკის ყველა შინაგანი დინება მისთვის უშუალოდ არის ცნობილი და არა ყურმოკრულად".

 მოსკოვში წიგნის პრეზენტაციამ დიდი წარმატებით ჩაიარა. მას ესწრებოდნენ არა მხოლოდ ქართული დიასპორის წარმომადგენლები, არამედ რუსი პოლიტოლოგები, მწერლები, მსახიობები, რუსული პოლიტიკური წრეების და შემოქმედებითი ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები. რუსეთის პრესამ ფართოდ გააშუქა მოროშკინას წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ქართველმა მომღერლებმა და საესტრადო კოლექტივებმა დაამშვენეს.

 "ქართულ-რუსული ურთიერთობის კრიზისი ჩემთვის მხოლოდ პოლიტიკური ან, მით უფრო, ფუჭი საკითხი არ გახლავთ, - განაცხადა ლალიმ, რომელსაც ქართული ფესვებიც აქვს  და რუსულიც, - ეს ჩემი ოჯახის გაერთიანების საკითხია. ვაპირებ, კენჭი ვიყარო საქართველოს პარლამენტში და ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანო რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენაში. და კიდევ, მინდა, რომ ქართველმა ახალგაზრდობამ, მათ შორის, ჩემმა ვაჟმაც, სიმართლე გაიგონ, რადგან რუსეთს ისინი მხოლოდ სააკაშვილის მონაყოლით იცნობენ!".

 როგორც საქინფორმი იუწყებოდა, ცოტა ხნის წინ შექმნილ პარტიაში "თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლალი მოროშკინა უფლებრივ მიმართულებას გაუძღვება, კერძოდ, ადამიანის უფლებების დაცვას, გენდერულ საკითხებს და პენიტენციური სისტემის პრობლემებს.

 ინტერესი წიგნისადმი "მიხეილ სააკაშვილის რეალური ისტორია. მე, პრეზიდენტი და მსოფლიოს ჩემპიონი", რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მოღვაწეობა საქართველოსა და უკრაინაში, იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ზუსტად 20 დღის შემდეგ - 22 ივნისს, მოსკოვის წიგნის სახლის ლიტერატურულ კაფეში ახალ არბატზე, შედგა მკითხველების შეხვედრა ავტორთან.

 ამ შეხვედრაზე ლალი მოროშკინამ დამსწრეთ უამბო ფართო წრეებისათვის აქამდე უცნობი მრავალი ფაქტი, რომლებიც წიგნშია აღწერილი. წიგნი სწრაფად იყიდება მოსკოვის მაღაზიებში.