საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი არ ჩარეულა და გავლენა არ მოუხდენია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის თაობაზე კენჭისყრის პროცესზე. "ჩვენ არასდროს ვერეოდით, აზრი არასდროს გამოგვითქვამს, მიმაჩნია, რომ მეტად კორექტულად ვიქცეოდით და, ცხადია, ყურადღებით ვადევნებდით თვალს იმას, რაც ხდებოდა, მაგრამ ამ პროცესზე არავითარი გავლენა არ მოგვიხდენია და ამის გაკეთება არც გვიცდია", - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ინგლისის პრემიერის და დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობის სხვა წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ, რომ ბრექსიტი რუსეთისთვის არის ხელსაყრელი, გახლავთ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის არაკორექტული მცდელობა და პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის გამოვლენა. “დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონი კემერონის მიერ ამ რეფერენდუმამდე გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან რუსეთის პოზიცია გაახმოვანა, სრულიად მოკლებულია რაიმე საფუძველს. მიმაჩნია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა საკუთარ ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის არაკორექტული მცდელობა", - თქვა პუტინმა.
"როგორც ვხედავთ, ამანაც კი ვერ მოიტანა სასურველი შედეგი მათთვის, ვინც ამას სჩადიოდა. ხოლო ხმის მიცემის დამთავრების შემდეგ რუსეთის რაღაც პოზიციის შესახებ განცხადების გაკეთების უფლება მით უფრო არავის აქვს. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური კულტურის დაბალი დონის გამოვლენა", - ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.