სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის სქემა გამოავლინა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები: ჯგუფის უფროსი შამილ კორძაძე, ლიფტების ტექნიკური ზედამხედველები გიორგი ცირდავა და არჩილ მიქაძე, ი/მ გიორგი ცხვარაძე და შპს „ჯორჯიან ლიფტსერვისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ გუმბერიძე დააკავეს.

 დადგინდა, რომ ქ.თბილისის მერიის ააიპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ ლიფტების ტექნიკური ზედამხედველობის თანამშრომლები მათთან კავშირში მყოფი კერძო პირების სახელზე რეგისტრირებული ფირმების მეშვეობით ახდენდნენ ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების თაღლითურად დაუფლებას.

 საგამოძიებო მოქმედებებით და შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად, ქ. თბილისის ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე მხოლოდ ცხრა ლიფტის შეკეთებისათვის ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 13 174 ლარს.

 საქმეზე გამოძიება გრძელდება სხვა პირებისა და ახალი გარემოებების გამოვლენის მიზნით.