პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ფარგლებში ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. განკარგულების პროექტი „ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცის შექმნისა და განვითარების სტრატეგიის“ შესახებ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა. იქმნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

 „ახლა მნიშვნელოვანია, სახელმწიფო გახდეს უფრო მეტად სერვისებზე ორიენტირებული. რა თქმა უნდა, ამის მიზანია ქვეყანაში კიდევ უფრო მომხიბვლელი ბიზნესგარემოს შექმნა, ამ მიმართულებით მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა კიდევ უფრო შემცირდეს, მათ შორის, კორუფციის რისკებიც ამ სერვისების მიწოდების დროს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

 „სივრცითი განვითარების მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ - ჩართულია ყველა უწყება, ვმუშაობთ პროექტების დაჩქარების გეგმაზე. მომავალი წლიდან ჩვენ ერთიანი ფრონტი გვექნება გახსნილი მთელი საქართველოს მასშტაბით და ვფიქრობთ, ეს გარღვევას მოიტანს ეკონომიკური განვითარების მიმართულებით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.