სამართალი
პროკურატურამ ე. კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი.
გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ დაასრულა გამოძიება ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე,  დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით.  
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება გაგაცნოთ გამოძიების შედეგები. 
გამოძიების მსვლელობის დროს დაიკითხა დაახლოებით 600 პირი. ოჯახის წევრების, ადვოკატების და ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა ათეულობით ექსპერტიზა. დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოჩანაწერები, რის შედეგადაც დადგინდა ეროსი კიწმარიშვილის და მასთან კავშირში მყოფი პირების გადაადგილების მარშრუტები, ასევე დამუშავდა სატელეფონო ზარები. აღდგა და შესწავლილი იქნა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც შენახული იყო ეროსი კიწმარიშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში. გარდა ამისა, ჩატარდა არაერთი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა შემდეგი:
2014 წლის 14 ივლისს, ეროსი კიწმარიშვილი მეგობარ ბადრი ნანეტაშვილთან ერთად მივიდა ქალაქ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე იარაღის მაღაზია „დიანა“-ში. ნანეტაშვილს სურდა შეეძინა ცეცხლსასროლი იარაღი. მაღაზიაში ყოფნის დროს კიწმარიშვილმაც გამოთქვა იარაღის შეძენის სურვილი და შეარჩია  ცეცხლსასროლი იარაღი. მომდევნო დღეს მან დაირეგისტრირა ჩზ-75 სისტემის პისტოლეტი (დანართი N1) და დაბრუნდა ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში (იხ.ვიდეო), სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან ია კიწმარიშვილთან ერთად. მეუღლის სახლიდან წასვლის შემდგომ, 15:05 საათზე, ეროსი კიწმარიშვილი გამოვიდა სახლიდან (იხ.ვიდეო). 16 საათსა და 47 წუთზე კი, მისი გვამი მეგობრებმა და თანამოაზრეებმა - გიორგი ხევიაშვილმა, თამაზ ბაწელაშვილმა, ვალერი ტატუაშვილმა, მერაბ დოლიძემ და ზაზა ბატიაშვილმა აღმოაჩინეს საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ, ავტოსადგომზე საკუთარ ავტომანქანაში  (დანართი N4).
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი და მისი ადვოკატი, მანქანის წინა მარცხენა მხარეს, მძღოლის ადგილზე აღმოჩნდა ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა ერთი ჭრილობა, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს მარჯვენა საფეთქლის მხრიდან შემავალ და თავის ქალის მარცხენა უკანა მხრიდან გამომავალ ცეცხლნასროლ დაზიანებას. ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ჭრილის ანაბეჭდი ე.წ. „შტანცმარკა“ და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად (დანართი N5). ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად (დანართი N6). გარდაცვლილის ფეხებთან ეგდო პისტოლეტი, რომელიც რამდენიმე საათით ადრე შეიძინა ეროსი კიწმარიშვილმა. ამ იარაღიდან გასროლილი მასრა აღმოჩნდა სალონის უკანა მხარეს, ტყვია კი გაჭედილი იყო მარცხენა საყრდენში (დანართი N7დანართი N8). მარცხენა საყრდენიდან ამოღებული ტყვია, ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზების დასკვნებით გასროლილია ეროსი კიწმარიშვილის იარაღიდან და გავლილი აქვს გარდაცვლილის სხეული (დანართი N9). ავტომანქანის სავარძლები და სალონის დეტალები მარცხნიდან მარჯვნივ გაშლის კლებადობით დაფარული იყო გარდაცვლილის სისხლის შხეფებით, რასაც ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო, გენეტიკური, ბიოლოგიური და კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნები (დანართი N10).  შესაბამისი მიკრონაწილაკების ექსპერტიზით ასევე  დადგენილია, რომ ა/მანქანაში აღმოჩნდა მხოლოდ  კიწმარიშვილის მიკრონაწილაკები. ექსპერტების მიერ დამუშავდა ეროსი კიწმარიშვილის ტანისამოსიდან და ორივე ხელის მტევნიდან აღებული დენთის კვლები. ექსპერტიზის შედეგად კი დადგინდა, რომ კიწმარიშვილს სროლის დროს იარაღი მარჯვენა ხელში ეჭირა. ამას მოწმობს იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნებიც. (დანართი N12, დანართი N13, დანართი N14)
გამოძიების მსვლელობისას ასევე გაიშიფრა ყველა ვიდეოკამერა, რომელსაც დაფიქსირებული ჰქონდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია. მათ შორის ავტოფარეხის შესასვლელის მიმართულებით განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები, რომელთა მიხედვით გარდაცვალების დღეს 17:00 საათამდე დროის შუალედში ავტოფარეხში შევიდა 10 ავტომანქანა და ორი ფეხით მოსიარულე პირი. ყველა მათგანი დადგენილია და დაკითხულია გამოძიების პროცესში. ესენი არიან კიწმარიშვილის მეზობლები და მათი მომსახურე პერსონალი, რომლებსაც მის გარდაცვალებასთან რაიმე კავშირი არ აქვთ.
გამოძიების მიმდინარეობისას, ზურაბ კიწმარიშვილის და მის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით, ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რომელშიც ჩამოთვლილი პირების გარდა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ექსპერტებმაც.
ავტომანქანის სალონში აღმოჩენილი სისხლის შხეფების განლაგების, სროლის ტრაექტორიის, ე.კიწმარიშვილის სხეულზე და ტანისამოსზე აღმოჩენილი დენთის კვალის, ცეცხლსასროლ იარაღზე აღმოჩენილი დნმ-ის კვალის და ა/მანქანაში მხოლოდ გარდაცვლილის ტანისამოსის მიკრონაწილაკების აღმოჩენის მხედველობაში მიღებით გამოირიცხა სროლის დროს ავტომობილში ან მისგან ისეთ დისტანციაზე სხვა პირის ყოფნა, საიდანაც შესაძლებელი იყო სროლის განხორციელება. (დანართი N15, დანართი N16)
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში დაიკითხა კიწმარიშვილის ოჯახის ყველა წევრი: მეუღლე, ძმა და შვილები. მათი  დაკითხვით რაიმე საეჭვო გარემოება გარდაცვალების სხვა შესაძლო ვერსიასთან დაკავშირებით არ გამოვლენილა.  
გარდა ამისა, მოპოვებული ვიდეო მასალით, სატელეფონო საუბრების დეტალური ამონაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიებამ მიიღო შემდეგი ინფორმაცია: ეროსი კიწმარიშვილს გარდაცვალებამდე ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რაიმე განსაკუთრებული ან დაძაბული ურთიერთობა არავისთან არ ჰქონია. მას სატელეფონო კავშირი ჰქონდა მხოლოდ მეგობრებთან, პოლიტიკურ თანამოაზრეებთან და ოჯახის წევრებთან. 
გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ჰქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩნდა საუბრის ჩანაწერი, რა დროსაც იგი აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე ეროსი კიწმარიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა თუმცა დამარცხდა, წინასაარჩევნო პროცესში მონაწილე პირების მიმართ კი დარჩა დავალიანება  120 000 ლარის ოდენობით. დაპირებული თანხის მიღების მოთხოვნით აღნიშნული პირები 2014 წლის 14 ივლისს საღამოს შეიკრიბნენ, და საპროტესტო აქცია გამართეს. ამის გამო საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი პირები და ამავდროულად ეროსი კიწმარიშვილის მეგობრები: გიორგი ხევიაშვილი და თამაზ ბაწელაშვილი იმავე საღამოს შეხვდნენ ეროსი კიწმარიშვილს და საარჩევნო პროცესში ჩართული პირების მიმართ დავალიანების დაფარვა სთხოვეს. კიწმარიშვილმა მეგობრებს უთხრა, რომ თანხას მომდევნო დღეს მეუღლის მეშვეობით გამოიტანდა ბანკიდან და  მათ გადასცემდა. მეორე დღეს ზემოთ მითითებული პირები კვლავ მივიდნენ ეროსი კიწმარიშვილთან თანხის მისაღებად თუმცა კიწმარიშვილი მათ ავტოსადგომზე საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი დახვდათ. 
ყოველივე აღწერილი ნათლად მიუთითებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს მკვეთრად იყო გაუარესებული მისი მატერიალური მდგომარეობა (დანართი N17, დანართი N18, დანართი N19, დანართი N20 და  იხ. ვიდეო№1, იხ. ვიდეო№2). 
საბოლოოდ, ზემოთ მითითებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ.  
გვინდა გამოვეხმაუროთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც გამოძიების მიმდინარეობის პროცესში სხვადასხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა მედია საშუალებებით. 
გამოძიების მიმდინარეობის დროს გავრცელდა ინფორმაცია თითქოსდა გამოჩნდა საეჭვო პირი,  რომელსაც კავშირი უნდა ჰქონოდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან. აღნიშნული არ არის სიმართლე. საქმე იმაშია, რომ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა და მისმა  ადვოკატებმა საეჭვოდ მიიჩნიეს ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელ კორპუსთან დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერების 15 ივლისის ჩანაწერები, რომელთა მიხედვით ეროსი კიწმარიშვილის ჯერ კიდევ სახლიდან გამოსვლამდე 16 წუთით ადრე, კადრში დაფიქსირდა შავ, სპორტულ ტანისამოსში გამოწყობილი პირი (დანართი N23), რომელიც გვერდით ჩაუვლის კორპუსს და შეუჩერებლად გადაადგილდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული პირი არ არის და არც შეიძლება იყოს დაკავშირებული კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან, რადგან ის, როგორც უკვე აღინიშნა, კორპუსთან შეუჩერებლად გადაადგილდა და გასცდა შემთხვევის ადგილს იმ დროს, როდესაც ეროსი კიწმარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გამოსული სახლიდან. 
ზემოთ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთი არასწორი ინფორმაცია გაჟღერდა იმის შესახებ, რომ თითქოსდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან უმალვე, პოლიციის თანამშრომლების მისვლამდე შემთხვევის ადგილზე გაჩნდა ტაქსის ნიშნით მოძრავი ავტომობილი, საიდანაც საეჭვო პირები გადმოვიდნენ და ავტოფარეხში ჩავიდნენ შემდეგ უკან დაბრუნდნენ და განაცხადეს ,,ეროსიმ თავი მოიკლაო“. აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა ერთ-ერთმა უფლებადამცველმა. მან გამოძიებას მიუთითა, რომ ინფორმაციის წყარო  მისთვის უცნობი ქალბატონი იყო, რომელმაც ქუჩაში უამბო ზემოთ აღწერილის შესახებ. გამოძიებით დადგინდა, რომ  ინფორმაცია უფლებადამცველს გადასცა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მომუშავე სტილისტმა. აღნიშნული პირი დაიკითხა გამოძიების პროცესში, რა დროსაც მან განმარტა, რომ ტაქსის ნიშნით შემთხვევის ადგილზე ავტომანქანა მივიდა არა პოლიციის თანამშრომლების ეროსი კიწმარიშვილის კორპუსში მისვლამდე, არამედ მას შემდგომ და ეს ინფორმაცია სწორედ ასეთი სახით გადასცა უფლებადამცველს.  გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე ტაქსის ნიშნის ავტომობილით მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული პირები ატარებდნენ ოპერატიულ ღონისძიებას, რის გამოც მათ ავტომობილს ჰქონდა ტაქსის ნიშანი. ღონისძიების დასრულებისთანავე  კი სწორედ ასეთი ნიშნის მქონე ავტომობილით გამოცხადდნენ გამოძახებულ ადგილზე   (დანართი №24დანართი N25, დანართი N26,დანართი N27, დანართი N28). 
გარდა ამისა, გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე საეჭვოდ იქნა მიჩნეული სხვადასხვა გარემოება. თითოეული მათგანი საფუძვლიანად და დეტალურად შეისწავლა გამოძიებამ და დაადგინა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ზემოთ აღწერილ ვითარებას.  
კერძოდ, გამოძიების პირველივე სტადიაზე ცალკეული პირები სვამდნენ შეკითხვას: რატომ  დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა). საქმე იმაშია, რომ კანონის თანახმად, გამომძიებელი გამოძიებას იწყებს იმ პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მას აქვს. მოცემულ შემთხვევაში გამომძიებელს ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი აღმოაჩინეს საკუთარ ავტომობილში, საფეთქელზე დაზიანებით და შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იყო მისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული პირველადი ინფორმაცია სწორედ ზემოთ მითითებული მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველს იძლეოდა. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ სათანადო საფუძვლის არსებობისას გამოძიების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე დასაშვებია კვალიფიკაციის შეცვლა. აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს დაბრკოლებას გამომძიებლისთვის შეისწავლოს და გამოიკვლიოს მომხდარის ნებისმიერი ვერსია. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება დაწყებული იყო ზემოთ მითითებული მუხლით, გამოძიების პროცესში განხორციელდა ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი გარემოების დეტალური კვლევა. 
რაც შეეხება საკითხს რატომ არ არის აღმოჩენილი იარაღზე იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის კვალი, აღნიშნული განპირობებულია შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი იარაღის კონსტრუქციით. კერძოდ, ჩზ-75 -ის ზედაპირის უმთავრესი ნაწილი რელიეფურია (ე.წ. „ხორკლიანი“). მას აქვს როგორც ბორცვები ასევე გარკვეული ჩაღრმავებები. იდენტიფიკაციისათვის ვარგისი თითის ანაბეჭდი კი, როგორც წესი რჩება გლუვი ზედაპირის მქონე საგანზე. იარაღი დათვალიერდა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრის და მის მიერ წარმოდგენილი ექპერტების მონაწილეობით რა დროსაც ნათლად წარმოჩინდა ზემოთ აღწერილი გარემოებები. 
საგულისხმოა გამოძიების პროცესში შესწავლილი კიდევ ერთი გარემოება - ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებულ კამერაში ჩანს, რომ მას სახლიდან გამოსვლის დროს ეცვა ღია ფერის მაისური, ხოლო შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი გვამის მაისური იყო მონაცრისფრო რუხი ფერის. ამასთან გვამს ემოსა არამხოლოდ მაისური არამედ პიჯაკიც. პირველ რიგში მაისურის ფერთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ გამოძიების პროცესში ექსპერტიზა ჩაუტარდა სადარბაზოში დამონტაჟებულ ვიდეო კამერას და აღმოჩნდა, რომ კამერა რეალურისგან განსხვავებულად აფიქსირებს ფერებს (დანართი N29). რაც შეეხება პიჯაკს, გამოძიებით მოპოვებულია ვიდო-ჩანაწერი, რომელზეც ასახულია ეროსი კიწმარიშვილის იარაღის მაღაზია ,,დიანადან“ გამოსვლის ფაქტი. კერძოდ, კადრში ჩანს მაღაზიიდან გამოსვლის შემდეგ როგორ დებს ის პიჯაკს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გამოძიების მიმდინარეობისას მოპოვებულია ასევე ეროსი კიწმარიშვილის საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ ის პიჯაკის გარეშე შევიდა სახლში. შესაბამისად ფაქტია, რომ ეროსი კიწმარიშვილმა პიჯაკი სახლიდან გამოსვლის შემდეგ მანქანასთან მისვლის დროს ჩაიცვა. 
გამოძიების მიმდინარეობის პროცესში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოსდა ავტოფარეხში დამონტაჟებული კამერა სპეციალურად იყო შეტრიალებული ისე, რომ გადაღება არ ეწარმოებინა ეროსი კიწმარიშვილის ავტომანქანის მიმართულებით. აღნიშნული საკითხი დეტალურად არის შესწავლილი და დადგენილია, რომ ავტოფარეხში ვიდეოკამერის დამონტაჟება ეროსი კიწმარიშვილმა და მის მიერ დაქირავებულმა მძღოლმა რამდენიმე წლის წინ დაუკვეთეს ერთ-ერთ ორგანიზაციას. სისტემა განკუთვნილი იყო პირდაპირ რეჟიმში თვალთვალისთვის და არა ჩაწერისთვის. ამასთანავე, კამერის ობიექტივი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დღეს სწორედ იმ მხარეს იყო მიმართული საითაც თავდაპირველი დამონტაჟების დროს. საქმე იმაშია, რომ კამერის დამონტაჟების დროს, ეროსი კიწმარიშვილი ავტომანქანას აჩერებდა ადგილზე, რომლისკენაც დღემდე მიმართულია ვიდეოკამერა, გარდაცვალებამდე ერთი წლის წინ კი, მან შეიცვალა ავტოსადგომი ხოლო კამერის ობიექტივის მიმართულება არვის აღარ შეუცვლია და დარჩა თავდაპირველი სახით (დანართი N30, დანართი N31). აქვე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ვიდეოკამერა შემოწმების დროს იყო ძლიერად დამტვერილი, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი ზედაპირიდან იდენტიფიკაციისთვის ვარგისი თითის კვალის ამოღება.
 ყოველივე ზემოთ აღნიშნული ადასტურებს, რომ გამოძიება საბოლოო დასკვნამდე მივიდა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების სათანადო შესწავლის და გამოკვლევის შედეგად, რითაც გამოირიცხა სხვა ალტერნატიული ვერსიის ნამდვილობა. 
აქვე გვინდა აღვნიშნოთ რომ საქმის მსვლელობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ჩვენს მიერ მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ამსახველი ფაქტები.