პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოსთვის დავით უსუფაშვილს ამზადებენ!“, ირწმუნება “ნაციონალური მოძრაობა“

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში დაგეგმილ მორიგ ცვლილებებს ნაციონალური მოძრაობა ეხმაურება. პარტიის მტკიცებით, მოსამართლეთა დანიშვნის ვადების ცვლილება მიზნად სასამართლოზე კონტროლის მოპოვებას ისახავს.

 “ჩვენ ვიცით, რომ რამდენიმე ადამიანის კანდიდატურა განიხილება თავმჯდომარედ, მათ შორის ერთერთი არის დავით უსუფაშვილის კანდიდატურა. როგორც ვიცით, ბიძინა ივანიშვილიც დაპირებულია და პარლამენტშიც არის საუბარი ამაზე, რომ უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს უსუფაშვილს. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ რესპუბლიკელები ცოტა უცნაურ მდგომარეობაში არიან. სიტყვით ოპოზიციაა და საქმით - მთავრობა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

 თავად ბიძინა ივანიშვილი კი აცხადებს, რომ მან ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისგან გაიგო.

 „ნუ ცდილობთ, კითხვები დასვათ ინტრიგნული და მერე მოაყოლოთ იმას, რომ ივანიშვილმა თქვა, უსუფაშვილი კარგი თავმჯდომარე იქნებოდაო. კითხვაშივე არის სიცრუე და სიმცდარე. მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად. ამის გაგრძელება გინდათ… რათა მიკიბ-მოკიბოთ, როგორც იცით კარგად და მერე მიაბამთ, რომ აი, ივანიშვილმა მისცა რჩევა და აი, თურმე ივანიშვილს უსუფაშვილი აურჩევია", - განუცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.